"კულტურის სამინისტროს ახალი საკადრო პოლიტიკა და შრომითი დავების ანალიზი" - ამ სახელწოდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ანგარიშს აქვეყნებს, რომლითაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესებს აჯამებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციამ "არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურის სფეროს კონტროლი და ცენზურაა".
ანგარიშით, რომელიც საია-ს წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით მომზადდა, დგინდება, რომ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებიდან არასასურველი დასაქმებულების ჩამოშორება ხდება შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით და მათ უფლებებში უხეში ჩარევით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თეა წულუკიანი გათავისუფლებული თუ ჩამოქვეითებული თანამშრომლების დასაშინებლად მანიპულაციურ ბერკეტებს იყენებს, რათა მათ სასამართლო დავებისგან თავი შეიკავონ.
"კერძოდ, ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ დასაქმებულების ნაწილი ჯერ სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს (დააქვეითეს), ხოლო, როდესაც მათ ეს ცვლილება გაასაჩივრეს, ახალი პოზიციიდანაც გაათავისუფლეს - უმეტესად, რეორგანიზაციის საფუძვლით", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებულ საქმეებში რამდენიმე სახის ტენდენციური ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის, თითოეულ შემთხვევაში რეორგანიზაცია განხორციელდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.
"იმ დაწესებულებებში, საიდანაც საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირები გათავისუფლდნენ, კადრების ოპტიმიზაციის მიზნით შეფუთული რეორგანიზაციის შემდგომ არაერთი კონკურსი გამოცხადდა და უწყებებშიახალი კადრები დაინიშნნენ. არ არსებობს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებების კანონიერად მიჩნევის წინაპირობები, არამედ ისინი დაეფუძნა პირად შეხედულებებს ან/და სხვადასხვა ნიშნით გამოხატულ დისკრიმინაციას.
რეორგანიზაციის ფარგლებში დაწესებულებებში შეიქმნა საკონკურსო კომისიები, რომლებსაც გასაუბრების საფუძველზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელ დასაქმებულთან გაგრძელდებოდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. კანონმდებლობის საპირისპიროდ, გასაუბრებაზე დასმული შეკითხვები მიმართული იყო კონკრეტული დასაქმებულის შეხედულებებსა და ქმედებებთან, რომლებიც არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას ან ხარისხს.
გასაუბრებების დროს გამოვლინდა ფორმალური ხასიათის ხარვეზები. მათ შორის, კონკურსანტს არ მიეცა კომისიის კონკრეტული წევრის აცილების შესაძლებლობა და, მოთხოვნის მიუხედავად, ამასთან დაკავშირებით ვერც წერილობითი და ვერც ზეპირი პასუხი ვერ მიიღო. გასაუბრების დროს არ კეთდებოდა პროცესის ამ- 7 სახველი ჩანაწერები და კომისია არც უშუალოდ თანამშრომელს აძლევდა უფლებას, თავად ჩაეწერა გასაუბრების მიმდინარეობა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საია-ს წარმოებაში არსებული 12 საქმიდან არცერთი არ განხილულა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში და მათი უმრავლესობა გაუმართლებლად გაჭიანურდა.